English / ქართული / русский /
თეა ლაზარაშვილი
ეკონომიკურიზრდის"მწვანე"დაფინანსების ძირითადი საკითხები და პრობლემები

ანოტაცია.გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციის ფორმატში 2012 წელს გლობალურ დონეზე მოხდა უმეტესობა მსოფლიო ქვეყნების შეთანხმება "მწვანე" ეკონომიკაზე გადასვლის თაობაზე. საყურადღებოა, რომ "მწვანე" ეკონომიკის განმარტების ერთიანი განსაზღვრება დღემდე არ ჩამოყალიბებულა. ძირითადად მწვანე ეკონომიკის ქვეშ მოიაზრება სამეურნეო საქმიანობა, რომელიცა უმჯობესებს ადამიანთა კეთილდღეობას, უზრუნველყოფს სოციალურ სამართლიანობას და მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს გარემოსა და ბუნების გაჩანაგებისათვის.

მწვანე ეკონომიკის განვითარების ძირითად ფაქტორად სწორედ მწვანე დაფინანსება გამოდის, რომელსაც შეუძლია თავიდან აიცილოს მსოფლიო მოსახლეობის მკვეთრი ზრდისა და ბუნებრივი კაპიტალის კატასტროფული ამოწურვის შედეგად გამოწვეული სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ცვლილებები და მათი ნეგატიური შედეგები.სწორედ ფინანსურ სექტორს,სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით, შეუძლია ასეთ პირობებში უზრუნველყოს გლობალური მდგრადი განვითარება და ხარისხობრივი ცვლილებები.

საკვანძო სიტყვები: მწვანე ეკონომიკა, მდგრადი ეკონომიკური ზრდა, მწვანე დაფინანსება, მწვანე ინვესტიციები. 

შესავალი

"მწვანე" ეკონომიკის განსაზღვრებასთან მიმართებაში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ დოკუმენტებში ყურადღებაა გამახვილებული სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მის სხვადასხვა ასპექტებზე: განვითარებული ქვეყნებისათვის ეს კონკურენცია და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა; განვითარებადი ქვეყნებისათვის კი - მდგრადი განვითარება, სიღარიბესთან ბრძოლა, სამართლიანობისა და მოქალაქეების ჩართულობის საკითხები.

თუ დავაკვირდებით "მწვანე" ეკონომიკის განსაზღვრებებს, არც ერთ მათგანში არ ფიგურირებს ეკლოგიური პრობლემები. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ეკონომიკურ განვითარებასა და  სოციალური პოლიტიკის პრობლემებზე.

XXI საუკუნის დასაწყისში "მწვანე" ეკონომიკური ზრდა ახალ ფაზაში გადავიდა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალ ინიციატივაში გამოვლინდა - "ახალი გლობალური მწვანე კურსი", რომელშიც აქცენტი კეთდებოდა  გარემო ბუნების განვითარებისა და შენარჩუნების ამოცანების გაერთიანებას, რომელიც მოიცავს კლიმატის, უახლესი ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებისა და ზრდის ეკოლოგიური საზღვრების პრიორიტეტულ განვითარება. იდეის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში უნდა შემოეღოთ ეკოლოგიური სტანდარტები, რომლებიც კონცენტრირებული იქნებოდა წარმოებისას 'ნახშირბადისა და ენერგოტევადობის მაქსიმალურ შემცირებაზე. 

* * *

2012 წელს, მდგრადი განვითარების კონცეფციის შედეგად, წარმოიშვა ინვესტირების ახალი მოდელი - მდგრადი ანდა საპასუხისმგებლო ინვესტირება, რომელიც ინვესტორისათვის წარმოადგენს არა მხოლოდ შემოსავლის მიღებას, არამედ პოზიტიური სოციალური ცვლილებების შექმნას, გარემო ბუნებაზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობას.

წარმოებისა და ტექნოლოგიების "გამწვანების" იდეამ გლობალური დონიდან რეალური სამეურნეო სუბიექტების დონეზე გადმოინაცვლა და გამოიწვია ახალი ტენდენციის ფორმირება - კერძო კაპიტალის ნაკადების გადაადგილება "დამაბინძურებელი" ტექნოლოგიებიდან "მწვანე" ტექნოლოგიებისაკენ. თუ გადავხედავთ დინამიკას, 2000 წლიდან მოყოლებული, "მწვანე" ინვესტირების კუთხით თითქმის ყველა ქვეყანას დადებითი დინამიკა გააჩნია. ქვეყნებმა შეძლეს შეენარჩუნებინათ ინვესტიციების პრიორიტეტულობა ძირითად კაპიტალში, რომელიც მიმართული იყო გარემო ბუნების დაცვასა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებაზე, რის შედეგადაც არ მოხდა მათი შემცირება, ზოგ სახელმწიფოებში კი, როგორიცაა სამხრეთ კორეა და მექსიკა, მნიშვნელოვნად გაიზარდა. "მწვანე" ინვესტირების კუთხით ლიდერი ქვეყნების ჯგუფში შედიან: სამხრეთ კორეა, გერმანია, საფრანგეთი, იტალია.

მნიშვნელოვანია გამოვყოთ რიგი ფაქტორებისა, რომლებიც ხელს უშლის “მწვანე” ეკონომიკურ ზრდას. ეს ფაქტორები ძირითადად იყოფა საგარეო და საშინაო ფაქტორებად.

საგარეო ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • არასრულყოფილი ბაზრის არსებობა ეკოლოგიის სფეროში;
  • ეკონომიკური განვითარების მაღალი დონის კონსერვატიული ხასიათი;
  • “მწვანე” ზრდის კორექტული გაზომვის სიძნელეები და სხვ.

ინვესტირების შიდა სფეროს ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • ფინანსურ სექტორში სუსტი კომპეტენცია;
  • “მწვანე” ინვესტირების დაფინანსების წყაროების სუსტი დივერსიფიკაცია;
  • მონიტორინგისა და კონტროლის არაეფექტური სისტემა.

ეროვნული ეკონომიკის “მწვანე” ზრდის დაფინანსებაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშოს ვენჩურულმა და კერძო აქციონერულმა კაპიტალმა. თუმცა მათი ნაკლოვანება ისაა, რომ ეს ინვესტიციები პროექტებს ხშირად გვიან ეტაპზე უჭერს მხარს, როდესაც რისკი უკვე უმნიშვნელოა და ინვესტიციის გადახდის ვადაც ძალიან მცირეა. არადა “მწვანე” ენერგეტიკის სფეროში პროექტების უმეტესობა მხარდაჭერას მხოლოდ საწყის ეტაპზე მოითხოვს. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ დღევანდელ პირობებში ეკოლოგიური ინტერესები წინ უნდა იდგეს კომერციულ და სამეწარმეო ინტერესებზე.

რამდენად წარმარტებული იქნება “მწვანე” ეკონომიკაზე გადასვლა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზომებს გამოიყენებს ქვეყანა ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე. რა თქმა უნდა, გადამწყვეტ როლს თამაშობს შიდა ფინანსური ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება ცალკეული ქვეყნის მიერ და აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობა ვაჭრობის, ფინანსების, ბაზრის ინფრასტრუქტურის მეშვეობით.

საერთაშორისო პრაქტიკაში გამოიყოფა 5 საკვანძო მიმართულება, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მთავრობებს შეუძლიათ მიაღწიონ ყველაზე მეტ წარმატებას როგორც მოკლევადიან, ისე საშუალოვადიან პერსპექტივაში. ეს შესაძლებელია სხვადასხვა დარგებში “მწვანე” ეკონომიკის კუთხით ინოვაციური ტრანსფორმაციული ცვლილებების შემოტანით საქმიანობის გაფართოებისათვის. მათ მიეკუთვნება:

  • სახელმწიფო ინვესტიციები და ხარჯები;
  • ეკოლოგიური გადასახადებისა და იმ სხვა საბაზრო ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს გარემო ბუნებაზე ზემოქმედების შემცირებას;
  • საკანონმდებლო რეგულირების სრულყოფა;
  • ეკოლოგიისა და რესურსსარგებლობის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება.

“მწვანე” ზრდის ფინანსირების მოდელის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებებმა და სერთაშორისო კონფერენციებმა, რომლებიც ამ საკითხს ეხებოდა. ძირითადი ცვლილებები გამოიხატება იმაში რომ, თუ 1980-იანი წლებისათვის გადამწყვეტი როლი ეკუთვნოდა მრავალრიცხოვან ფინანსურ დაწესებულებებს, XX საუკუნის ბოლოსთვის აქცენტი გადავიდა ნაციონალურ პოლიტიკაზე, რომელიც ფორმირდება ქვეყნის მიერ ეფექტიანობის გაზრდის და რესურსების გადანაწილების გზით და მოიცავს ინსტრუმენტების ფართო სპექტრს: სახელმწიფო მხარდაჭერას, დაბეგვრის რეფორმას, საბაზრო მექანიზმების შექმნას “მწვანე” ზრდის ახალი მოდელის დაფინანსების პირობების უზრუნველსაყოფად.

როგორც აღვნიშნეთ, ეკოლოგიურად მდგრადი ზრდის დაფინანსება ინვესტიციების მნიშვნელოვან მოცულობას მოითხოვს. აქ ყურადღებაა გამახვილებული გლობალური პროექტების “მწვანე” ფინანსირებაზე. საყურადღებოა, რომ დღემდე არ არის ჩამოყალიბებული “მწვანე” ფინანსირების ერთიანი განმარტება. თუმცა, ზოგადად, “მწვანე” ფინანსებში იგულისხმება ეკოლოგიურად ორიენტირებული ტექნოლოგიების, პროექტების, დარგებისა და საწარმოებისათვის საშუალებების სპექტრი.

მიზანშეწონილია, “მწვანე” ფინანსირების ქვეშ ვიგულისხმოთ იმ ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების ერთობლიობა, რომლებიც გარემო ბუნებაზე ზემოქმედებით ზრდის ეკოლოგიურ მდგრადობას და უზრუნველყოფს საქმიანობას, რომელიც მიმართულია გლობალური ეკონომიკური განვითარების ეკოლოგიური და კლიმატური რისკების შემცირებისაკენ.

“მწვანე” ფინანსირების გაზრდა ხელს უწყობს მრეწველობის მწვანე დარგების პოტენციალის ზრდას და ბიზნესის შესაძლებლობებს ფინანსური ინდუსტრიისათვის.

პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ “მწვანე” ფინანსები მოიცავს უამრავ სპექტრსა და  პროდუქტს, რომელთა გაერთიანება შესაძლებელია 3 ძირითადი მიმართულებით. ეს მიმართულებებია:

  1. ინფრასტრუქტურის დაფინანსება;
  2. დარგებისა და კომპანიების ფინანსური დახმარება;
  3. ფინანსური ბაზრები.

გაზრდილი რისკების პირობებში მნიშვნელოვანია სახელმწიფო მხარდაჭერა შეღავათიანი კრედიტების შეთავაზებისა და კერძო ბანკების გარანტიების გზით, რაც საბოლოოდ გამოიწვევს კონკრეტულ პროექტებში კერძო ინვესტიციების მოდინებას.

“მწვანე”დაფინანსების თავისებურებებს შორის აღსანიშნავია საწყისი კაპიტალდაბანდებების გაზრდილი დონე (2007-2016 წწ. მსოფლიო “მწვანე” ეკონომიკაში კერძო ინვესტიციებით ჩადებული იყო 7,13 ტრილიონი აშშ დოლარი). ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა ენერგიის განახლებადი წყაროების სფეროში ჩადებული ინვესტიციების კუთხითაც. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 10 საუკეთესო ინვესტორთა შორის 6 განვითრებადი ქვეყანაა და 4 განვითარებული.

2015 წლისათვის მოწინავე პოზიციაზე იყო მზის ენერგიის გამოყენება, მას მოჰყვება ქარის ენერგია, შემდგომ ბიომასები, მცირე ჰიდროენერგეტიკა, გეოთერმული ენერგია და ოკეანის ენერგია.

მსოფლიო ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ეკონომიკურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვა და ენერგოდამზოგავი საშუალებების უზრუნველყოფა დაკავშირებულია სამეცნიერო კვლევებსა და შემუშავებებზე, რომელიც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან დანახარჯებს მოითხოვს.

“მწვანე” ფინანსირების ისეთი ინსტრუმენტების განვითარება, როგორიცაა მწვანე კრედიტები, მწვანე ობლიგაციები, მწვანე საინვესტიციო ფონდები და მწვანე ინდექსები,  უშუალო ზემოქმედებას ახდენს მრავალი საფინანსო კომპანიის საქმიანი შესაძლებლობების გაზრდაზე.

როგორც აღვნიშნეთ, ეროვნული ეკონომიკის, ასევე მსოფლიო ეკონომიკის მდგრადი განვითარების  უზრუნველსაყოფად სახელმწიფო მხარდაჭერასთან ერთად აუცილებელია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაც. მნიშვნელოვანია აგრეთვე დიდი ოცეულის ჯგუფის G20-ის ბოლო სამიტი, რომელიც 2016 წელს გაიმართა ჩინეთში, სადაც ცალკე საკითხად განიხილებოდა “მწვანე დაფინანსება”, რაც ძირითადად გულისხმობდა ფინანსური სექტორის წვლილის გაზრდას ეკოლოგიურად მდგრად ეკონომიკურ ზრდაში. მის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი “მწვანე დაფინანსების” საკითხის შესასწავლად, სადაც გადამწყვეტი როლი ჩინეთის სახალხო ბანკს მიუძღოდა და რომელშიც აქტიურად იყო ჩართული ინგლისის ბანკი. ამ პროგრამის ფარგლებში “მწვანე ინვესტიციების” 3 ძირითადი წყარო იქნა განხილული: ბანკები, ობლიგაციის ბაზრები და ინსტიტუციური ინვესტორები. შემუშავებული რეკომენდაციებიდან აღსანიშნავია “მწვანე განვითარებაში” კერძო ინვესტიციების სტიმულირებისათვის საჭირო ინსტრუმენტების და პარამეტრების ნებაყოფლობითი არჩევანის საშუალების გამოყენება, ფინანსური და ეკონომიკური რისკების შეფასების სფეროში თანამშრომლობის გაფართოება და “მწვანე დაფინანსების” პარამეტრების შესაცვლელად მაჩვენებლებისა და კრიტერიუმების შემუშავება. 

დასკვნა 

მსოფლიო გამოცდილებამ დაგვანახა, რომ თანამედროვე მართვაში ეკოლოგიურმა გადაწყვეტილებებმა ეკონომიკურ, ფინანსურ და სოციალურთან ერთობლიობაში, უპირატესი როლი უნდა შეასრულოს.

მნიშვნელოვანი როლი სახელმწიფოზე მოდის, რადგან მას შეუძლია სტიმული მისცეს ეკონომიკის “დამაბინძურებელი” დარგებიდან კერძო კაპიტალის გადადენას “მწვანე” ეკონომიკისაკენ. მას შეუძლია ხელი შეუწყოს დაფინანსების ეროვნული მოდელის შექმნას, რომელიც დაფუძნებული იქნება ეროვნულ თავისებურებებსა და განვითარებაზე.

 შედეგად, ჩამოყალიბდა ისეთი შეხედულება, რომლის თანახმადაც, თითოეულმა ქვეყანამ უნდა შეიმუშაოს მდგრადი  განვითარების დაფინანსების საკუთარი სტრატეგია, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ფინანსური სახსრების ყველა წყარო (სახელმწიფო და კერძო, შიდა და საერთაშორისო), ხოლო სახელმწიფოს ძირითადი  ამოცანა უნდა იყოს, მობილიზება მოახდინოს და მნიშვნელოვნად გაზარდოს უკვე არსებული ყველა წყარო, მ.შ. არატრადიციული დაფინანსების წყაროების აქტიური მოზიდვის გზით.

დასასრულ, შეიძლება ითქვას, რომ მზარდი კლიმატური, ეკოლოგიური და სოციალური გამოწვევებისა და რისკების პიროებებში სულ უფრო აქტუალური ხდება ეკონომიკის მდგრადი განვითარება. ამიტომ აუცილებელია, ჩამოყალიბდეს მომავალი ფინანსური სისტემის ისეთი სტრუქტურა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება თანამედროვე გლობალური გამოწვევები მსოფლიო ეკონომიკის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Архипова В.В. «Зеленые финансы» как средство для решения глобальных проблем. экономический журнал ВШЭ, №2, 2017.
  2. Медведкина Е.А., Медведкин Т.С. "Зеленые финансы как драйвер мировой экономической динамики". ж. «Світове гоСподарСтво і міжнародні економічні відноСини», №2б 2016.
  3. Никоноров С.М. К «зеленой» экономике через «Зеленые финансы», биоэкономику и устойчивое развитие. ж. «Русская политология», №3, 2017.
  4. Яковлев И.А., Кабир Л.С., Никулина С.И., Раков И.Д. Финансирование «зеленого» экономического роста: концепции, проблемы, подходы. Финансовый журнал, №3, 2017.